ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

640. მიეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღურიდა ველთა მრწყუელსა; ესე თქუა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თუალნი ჩემნი ჭურეტდენ მრთელსა!”

641. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყუანი სცა, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

642. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახუად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით, ლაღი და შუებული, ენა მის დღისა შუებასა ყოლე ვერ იტყვის კლებული.

643. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თუალ დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთუის დარბაზი და ხული”

644. მუნ ამბავი შინაური ყუელაკაი მოახსენა: “შენი წასულა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისუენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

645. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქნად ხალვათისა; ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. შერმადინ მახარობელი წავა მისულისა მათისა, მას ლომსა ნახუა უხარის მის მზისა მოკამათისა.

646. შესთუალა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვსცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შუებით და მშუიდობით”.

647. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი, შერმადინ მოციქულობა თუით მოაჴსენა ყოელი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოელი”. ბრძანა: “ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოელი”.

648. თინათინს კადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძუარი უბოძა, მისი ყუელაი დამოსა.

649. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მამავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გუანდეს ვითა მთურალსა.

650. რა მიეახლა, გარდაჴდა ყმა, თაყუანი-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ მხიარულნი, შუებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

651. ავთანდილცა თაყუანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-საყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა.

652. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭურეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშუენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხუად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

653. სმა გარდაჴდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშუეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე კითხავს, იგი კადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი მგზავრობისა რა ენახა, რა ესმინა.

654. “მას ვაჴსენებდე, ნუ გიკუირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: ნუთუ მზე ვთქუა მგზავსი მისი და ან მისისა სახისა, ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

655. რა ჭირი კაცსა სოფელმან დაუთმოს მოუთმინამან, ქაცუი ლერწამმან, ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მჴსენებმან, ღაწუი ცრემლითა მინამან. წურილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

656. ქუაბნი წაუხმან დევთათუის, სახლად აქუს დევთა სახლები, საყუარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ტანს ვეფხისა ტყავი აცუია, ცუდად უც სტავრა ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწუავს ახალ ახლები”.

657. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახუა მის მზისა ნათლისა, მის თუალად არ დუხჭირისა, იამა; უქეს ვარდისა ჴელი, მძლედ დანამჭირისა; “ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისა, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

658. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა; მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კულავ საწოლს დახუდა მას მზესა მუნცა სიტყუითა ბრძენითა. მისულა ებრძანა; იამა, თქმა არ ეგების ენითა.

659. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მოარული ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ სრული, მრავალ წყალი, მაგრამ ჰქონდა გულისათუის გული გულსა განაცუალი.