... (Q-376), XIX ს.

761. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა, ჟამია შემოკლებისა. აწ გაპარვაა წამალი, ამა გულის წყლულებისა. რასაცა გვედრებ ისმინე, ვიდრე დროღა გაქუს ხლებისა. შენ გაიმაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა:-

762. აწ მეფეთა სამსახურად, პირველ თავი დაამზადე. სიკეთე და უკლებლობა, შენი ერთობ გააცხადე. სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე. აქამომდე სამსახური, აწ უმეტეს გააკულადე:-

763. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების. ერთგულთათჳს კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი ჰკუდების. შემოჳქცე შენი ჩემგან, ვალი კარგად გარდიჴდების. პატრონისა სამსახური, არა ოდეს არ წახდების:-

764. ესე ესმა შერმადინსა, ცხელი ცრემლი თუალთა ჰსდინდა. მოახსენა მარტოობით, გული ჩემი ვით შეშინდა. მაგრამ რა ვჰქმნა უშენოსა, დამეცემის გულ ბინდა. წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო სად რა გინდა:-

765. ვის ასმია მარტოსაგან, ღარიბობა ეგზომ დიდი. ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი. დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი. ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი:-

766. შენგან ჩემი სიყუარული, ვითამც არა დამეჯერა. მაგრამ საქმე არ მოჴდების, ჟამი ასრე დამემტერა. ვის მივანდო სახლი ჩემი, შენს უმჯობეს მყავღა მე რა. გული დადევ დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა:-

767. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჰხამ, ხელი მინდორთა მე რებად. ჴამს მარტო იყოს მიჯნური, და ცრემლნი სისხლის ფერებად. იგი ჰყუჱს მარად მოყუასად, იგ უჩნდეს ბედნიერებად. ასეა ესე სოფელი, შენდაცა კმა დაჯერებად:-

768. რა მოგშორდე მახსენებდე, სიყუარული ჩემი გქონდეს. არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჰჴამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შინა არ დაღონდეს. მჰძულს რა კაცსა სააუგო, საქმე არა არ შეჰსწონდეს:-

769. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არა მოვკრეფ კიტრსა ბერად. ვის სიკუდილი მოყურისათჳს, თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშჳვარ დაჰსვდგე მე რად. მაშ თუ დავჰსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავჰსთმობ ვის რად ვერად:-

770. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტენს წინა დაწერილსა. შენ შეგვედრებ პატიჳგცეს, ვით შეგფერობს ჩემსა ზრდილსა. მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა. ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თუალთა მილსა:-

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა (22)

771. დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად. ჱე მეფეო გაჳპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად. ვერ დავჰსდგები შეუყრელად, ჩემთა ცეცხლთა მამდებრისად. შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღუთაებრისად:-

772. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გაჰსწირავს, მოყუარესა მოყუარულსა. მე სიტყუასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან ჰსწავლა თქმულსა. სიცრუე და ორპირობა, ავნებს ჴორცსა მერმე სულსა:-

773. რადგან თავი სიცრუვეა, ყოვლისა უბედობისა. მე რად გავჰსწირო მოყუარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა. არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ჰბრძნობისა. მით ვისწავლებით მოგუჱცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა:-

774. წაგიკითხავს სიყუარულსა, ბრძენთა ბრძენნი ვითა ჰსწერენ. ვით იტყჳან ვით აქებენ, ჰცან გონება შეამზერენ. სიყუარული აგუამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ. შენ არ ჰსჯერხარ უსწავლელნი, კაცნი ვითმცა შევიჯერენ:-

775. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანუჱ მამცა ძლევა მტერთად. ვინ არს ძალი უხილაჳ, შემწე ყოვლთა მიწიერთად. ვინ საზუარი დაუსაზღურავს, ჰზის უკუდავი ღ~თი ღმერთად. იგი გახდის წამისყოფით, ერთსა ასად ასსა ერთად:-

776. რაცა ღ~თსა არა ჰსწადდეს, არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი, ია ჴმების ვარდი ჭნების. თუალთა ტურფა საჭურეტელი, ყველა რამე ებიდნების. მე ვით გავჰსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების:-

777. რაზომცა ჰსწყრები შემინდევ, შეცულა თქუჱნისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყუჱქმნილსა, მე მაგისისა თნებისა. აწ წასლუა იყო წამალი, ჩემთა სახმილთა გზნებისა. სადა გინდ ვიყო რა მჰგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა:-

778. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა. არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა. წესი არის მამაცისა, მოჭირვება ჭირთა თმენა. არვის ძალუძს ჴორციელსა, განგებისა გარდავლენა:-

779. რაცა ღ~თსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად. გარდამჴდეს და შემოჳქცე, აღარ დამჰრჩეს გული ავლად. თქუჱნვე გნახო მხიარული, დიდებით და დოვლათ მრავლად. მას რა ვარგო დიდებად და, კმარის ესე ჩემთვის დავლად:-