ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

618. “ვთქვია: რა არის, რას ვამგზავსო? ფრინველია, ანუ მჴეცი? ნავი იყო, გარ ეაფრა სამოსელი მრავალ კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალნი ამად დავაცეცი, და მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

619. “ამოძურეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! და მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

620. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვია: წავიდე მათკენ მე წა, და ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

621. “ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ჴმასა და ხრიალსა, ვეღარ მივესწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მიველ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, და გამშორვებოდეს, წამსლოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

622. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. და ვუთხარ: “მამკალ, უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ის ხე!”

623. “ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა. და თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოსთოვა.

624. “ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად! მოვაჴსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი დაგად; და აწ გიამბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

625. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, და საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

626. “კვლაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახურსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგიქუხებს, და ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგაწუხებს.

627. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მგზავსი სოფლად არა მომივლინა, და მაშა, რადგან შეგემეცნე, ამის მეტი რაღა მინა?

628. “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად, ენა, გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? და თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ დამყოვნებლად წამისად”.

629. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს ღა ამას რომელი? მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? და ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

630. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემამკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე ცეცხლი გწვავს ალთა. და ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასვლა მაგა ჭირთა და ვალთა!

631. “ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გუაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. და ყოლა ჭირი არ ეგების, თუ-მცა ლხინმან არ დასძლია”

632. “კაცნი უჴმენ მასვე წამსა; ესე საქმე დაიურვეთ, უბრძანა, თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; და თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ”

633. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი რომე მლხენოდეს, და უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

634. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივხუდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! და ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა!”

635. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მძებნელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნათ, ვერ იყუნეს ვერას ამბვისა მცნობელნი, და მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.

636. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, და დავჴსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

637. “მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, ცრემლითა მორწყო ველი, და მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”