... (Q-296), XVIII ს.

627. ჩვენ გავგზავნეთ მენავენი რომელთაცა კვლავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოვიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია

628. კაცი უხმე მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანე თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმც უშვიდეთ ან უურვეთ

629. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი ორმე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

630. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცთარვარ აქამდი ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

631. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელნი

632. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამედა დღეცა მესაღამოების დახსნილვარ ლხინსა ყოველსა მით ჭირი გულსა მოების

633. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქმნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრ[ა] თუ ძმაო დღესიდგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

634. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუჴლ მოყრითა თავი მათი ჩემკერძირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

635. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ თქუენცა დია გებრალების ნუ ვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

636. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგე ცხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს საჴედნობა სიფიცხენი

637. ფრიდონ გამომყუა წავედით ორთავე ცრემლი ვღვარენით მუნ ერთმანეთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავი დავადარენით

638. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კვლავ ვიარე რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერა შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

639. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუ თუ მჴეცთა სიახლემან უკუმყარა გულსა ურვა მონათა ამ ასმათსა სიტყუა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხარ დია გმართებს ჩემი მდურვა

640. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

641. უშენოსა ნუმცა ვნახავ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუ თუ ღმერთმან არ გაგვყაროს თქვენთა ცხენთა ნატერფალსა ჩუენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა

642. ვეღარ გავგზავნე სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავჰყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნე ქვე მინდორნი და ზემთანი

643. ესე ქუაბი უკაცურნი ვპოე დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიდენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს

644. დევთა ყვირილი ზახილი ეცამდი აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძო მამიხდეს დავფრიწე დაიხეოდა

645. აჰა ძმაო მაშინდლიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვჰტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს –არს მისთვისვე ცეცხლ ნადები– ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

646. რომე ვეფხი შვენიერი ჩემად სახედ დამისახავს ამად მიყუარს ტყავი მისი კაბად ჩემად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს ჴრმალი ცუდად მამიმახავს