... (Q-296), XVIII ს.

647. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

648. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აიხეწა ლალი ქარვა გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსა ხეწა მერე ქალი დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა

649. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყუელაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

650. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

651. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ იყოს საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯისა შემტყვებარი მუნ უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მამდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

652. რაცა გითხრა მამისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

653. იგი ვნახო სიყუარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო ღმერთი იღმრთო ცაცა იცო ერთმანეთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემამფიცო

654. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგიჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენდა ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღმერთსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო

655. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღმერთმან ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

656. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრას არ იირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რისხვით გამიკითხოს შენმან ჭვრეტა სიახლემან მამაქარვო სევდა მითხოს

657. ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულს სადაგნი იაგუნდი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმან ერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყუნეს შვენიერნი ამხანაგნი

658. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩასტიროდა შამბი შიგან ჩაიარა

659. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

660. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნუსად არებს იმა ტანსა აქათ ორთვე არ მოვიდე ვიქ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემულვარ ჭირსა რასმე თანის თანსა

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

661. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განამოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ჴელი მისი გაამოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მჴეცი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

662. მუნ მოვიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლავ კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

663. გაეგება მოეხვია ზედა დასდვა პირი ჴელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღმერთო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირსვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდეს მრთელსა

664. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღმერთსა ვმადლობ შენ თუ ჭირად არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდა ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუ უნდა მცირსა

665. მივიდეს სადა საყოფლად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული