ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

600. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანა მყოლნი ყველაკანი დამიჴოცნენ, დამრჩეს მუნვე, და ვინცა მდევდა, ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი, მივაბრუნვე.

601. “აწ იგი იქნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭუ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოჴრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, და უჴმობ ყვავთა და ყორანთა, მათზედა ვაქმნევ ჴადილსა!”

602. “ამა ყმამან შემიკუეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვაჴსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყუები, დაიჴოცნენ იგი მუნ და! და ჩვენ ორთავე მეომარი გაღანამცა შეგვიძრწუნდა!”

603. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების. და დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

604. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, და ეხვეოდიან, ჰკოცნიან ჴრმალსა და სალტე-კოტასა.

605. “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, და ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათთა მეომართა-ზედა

606. “მოჯობდა, ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ-აბჯარისა; დავჰკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ჴმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა! – და აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

607. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამოხურვა; ნავი წინა მამეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლავ ზედა შევეჯაჴე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; და ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

608. “კვლა სხვასა მიველ, მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქენ, დავჰჴოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცნეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა; და ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

609. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტიეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქნა ომისა სიფიცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია: და იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

610. “თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴრმლითა ჩამოჰყარნა, ჴელნი წმინდად გარდეკუეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანა მჴარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაჰყარნა, და მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა.

611. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით. ფიცხლა წაუღეთ ქალაქი, არ თავნი ვააზატენით; ქუითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. და მამკალით, ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

612. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღუარნა, ველთა ასხნა; და ჩემი თქვეს, თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

613. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგუასხმიდიან, და გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

614. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიჴმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვერ ოდეს ვარდსა მკრეფობით, და ჩემი ვერ სცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

615. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობად გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე: ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, და ერთი რამე საკუირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

616. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, ზღვათა შიგან იხუსა ჰგავდა, ჴმელთა ზედა შავარდენსა, და აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

617. “ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ უც მისსა სწორსა, და ვერად ვიცან, გონებასა გავეკუირვე ამა ორსა: