ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

601. კულავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლაჴუარსა-მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგიცუალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.

602. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის-წინა; ფრიდონს უთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მგზავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცნე, ამის მეტი რაღა მინა?

603. არავინ გესუა მოყუარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად, ენა, გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი ხანისად”.

604. მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთუის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქუენსა მდგომელი.

605. ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგუესმის წამალი, შენ რომე გწუავს ალთა. ნუთუ ქნას ღმერთმან გარდჴდა მაგა ჭირთა და ვალთა!”

606. ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კულა უვლია, მოგუინახონ იგი მთუარე, ვისთვის ჭირი არ გუაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

607. კაცნი უჴმო მასვე წამსა, ესე საქმე დაიურვეთ, უბრძანა თუ: “ნავებითა წადით, ზღუა ზღუა მოიცურვეთ; მოგუინახეთ, საყუარელსა მისსა მისთუის მოვასურვეთ, თავთა ჭირი უათასეთ, რამც უშვიდეთ, რამცა ურვეთ”.

608. აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი რომე მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათუის მრცხვენოდეს!

609. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა, მითხრა, თუ: “მცდარ ვარ აქამდის, ვერ მივხუდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”

610. რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყუნეს ვერას ამბისა მცნობელნი, მე უფრო მდინდეს თუალთაგან კულა ცრემლი შეუშრობელნი.

611. მე ფრიდონს უთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დაჴსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

612. მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, ცრემლითა მორწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

613. თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუჴლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხუეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახუალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩუენი ვირე.

614. ეგრე უთხარ: “თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქუენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

615. მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ხედავ, პირიმზისა, თქუენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღუენი რამცა გავკიცხენი? თუით ამანვე მოგაწონოს სახედრობა, სიფიცხენი”.

616. ფრიდონ გამამყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღუარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩუენ თავნი დავადარენით.

617. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კულავ ვიარე, რომე არე არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღუათა გარე, მაგრამ მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე.

618. ვთქუი, თუ: “ჩემი აღარაა სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შუიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

619. აწ წადითო, მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქუენთა, ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა, თუალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩუენთა!

620. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგუყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქუენ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა შუენიერსა, სატურფალსა”. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა!”