... (Q-609), XIX ს.

604. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კულავ უვლია: მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთვის ჭირი არ გვაკლია: მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია: ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია:

605. კაცი უხმენ მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ: უბრძანა თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ: მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთვის მოასურვეთ: თავთა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ:

606. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს: უბრძანა ძებნეთ ყოველგან: რაცა ვის მისი გსმენოდეს: მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს: უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათვის მრცხვენოდეს:

607. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა: მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა: ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა:

608. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი: ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი: ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი: მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი:

609. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების: ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების: უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების: დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების:

610. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი: ვეღარ დავდგები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი: ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი: მითხრა თუ ძმაო დღესითგან: ცუდ ჩემი ლხინი ყოველი:

611. თუცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს: მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს: მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და [ა]მატირეს: ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს:

612. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების: მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების: ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების: ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების:

613. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი: მითხრა ხედავ პირი მზისა: თქვენ საროსა ეგეც ხენი: ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი: თვით ამანვე მოგაწონნეს: საჴედრობა სიფიცხენი:

614. ფრიდონ გამამყუა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით: მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით: სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით: გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით:

615. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კულავ ვიარე: რომე არა არ დამირჩა: ჴმელთა ზედა ზღვათა გარე: მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე: გული სრულად გამიშმაგდა: თავი მჴეცთა დავადარე:

616. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა: ნუთუ მჴეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა: მონათა და ამ ასმათსა სიტყვა: უთხარ შვიდი თუ რვა: ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა:

617. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქუენთა: ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა: რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა: მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა:

618. უშენოსა ნუმცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა: ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს: ცხენთა თქუენთა ნატერფალსა: თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: შვენიერსა სატურფალსა: თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა:

619. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი: მაგრა დავჰყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი: სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს: თხათა და მათ ირემთანი: გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქუე მინდორნი და ზე მთანი:

620. ესე ქუაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს: შემოვები ამოვწყჳტენ: ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს: მათ მონანი დამიხოცეს: ჯაჭუნი ავად მოექაფნეს: საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს:

621. დევთა ყვირილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა: მათითა ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა: მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა: ასი ერთ კერძო მამიხდეს: დავჰფრიწე დაიხეოდა:

622. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები: ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები: ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები: ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები:

623. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს: ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს: ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს: რადგან თავი არ მამიკლავს: ჴრმალი ცუდად მამიმახავს: