... (S-1727), 1837 წ.

702. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს჻ რომე კაცსა მიჯნურობა: აატირებს გააფლიდებს჻ რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს჻ მის მოყვრისა მოშორება: კვლავ აჩრდილებს არ ადილებს჻

703. სისხლმან ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად჻ იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარა჻ მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღარად჻ ვირე ვნახვიდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად჻

704. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგმით მორწყო მახია჻ დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია჻ დღეს გული ცეცხლით უშრეტსა დაბმით დამიბა მახია჻ აწყა ვცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია჻

705. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწამწამებს჻ გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს჻ საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს჻ ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა: ასუდარებს აზეწარებს჻

706. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა: საყვარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების჻ ვხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების჻

707. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა: თჳთ ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა პატრონობს სიკვდილი: ვერცა მეფეა რომელი჻

708. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი჻ მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

709. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მხმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი: ნაღვიძები ძილ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი჻

710. მეფე შეჯდა მაშინდელი: ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყვა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა჻

711. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ხმასა სცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყვნეს სრულნი჻

712. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა჻ ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ხსენება: არვისგან იკადრებოდა჻

713. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყვარული: უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა჻

714. წევს იტყვის გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო჻ შენთა მჭვრეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო჻ ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო჻

715. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა჻ კვლავ გულსა ეტყვის დათმობა: გვანდეს სიბრძნისა წყაროთა჻ არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა: მითხარ რა მოვაგვაროთა჻ თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა჻

716. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა: გაქვს სიკვდილისა წადება჻ სჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთჳს თავისა დადება჻ მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კვლა დება჻ ავად შეფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება჻

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა჻

717. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე჻ იტყვის ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე჻ დათმობასა ვეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე჻ ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვაზირისა სახლსა მთვარე჻

718. ვაზირმან ცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული჻ ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული჻ მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული჻ ხამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული჻

719. ყრმა გარდასვა მასპინძელმან: არ ღაფალმან ავმან უქმან჻ ფერხთა ქვეშე ხატაურსა: უფენენ და მიწად უქმან჻ ყმამან სახლი განანათლნა: ვით სამყარო მზისა შუქმან჻ თქვეს სურნელი სული ვარდთა: დღეს მოგვბერნა ქვენამ ბუქმან჻

720. დაჯდა მისთა შემხედველთა: გული მათი მართლად ხელეს჻ მისთა მჭვრეტთა მისთჳს ბნედა: თავისათვის ისახელეს჻ სულთქმა ბევრი აათასეს: აღარა თუ აერთხელეს჻ გაყრა ბრძანეს გაიყარნეს: ჯალაბობა გაათხელეს჻