817. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლავ იტირეს დიდი ხანი჻ მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი჻ ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი჻ შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი჻
818. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს჻ რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს჻ მაგრა ვარდსა უმზეობა: გააჴმობს და ფერსა აკლებს჻ ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს჻
819. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა჻ მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა჻ წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთჳს მზისავე მზობასა჻ უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა჻
820. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად჻ მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მსგავსად დილარჯის დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად჻
821. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს჻ რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს჻ სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს჻
822. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭუდე წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა჻
823. ტირს იტყვის დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთჳს ათმანო჻ ინდოთა რაზმან ჩემად კლვად: თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო჻ თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო჻ ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო჻
824. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად჻
825. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან: ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან: სათნი დავჰკარგე მინანი჻ მაშინ ვერ გავძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი჻
826. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსულა იამებოდის჻ მას ამსგავსებდის ილხენდის: უჭურეტდის ეუბნებოდის჻
827. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა჻
828. ღამე ილხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიჴდის: უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კვლავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა჻
829. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყვის დავჰყარენ ვარდნი და: აჰა მუნ ვაგლახიანი჻
830. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქვაბნი ნახნა გაეხარნეს: ზედ გავიდა ქვაბთა კარსა჻
831. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდახდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების჻
832. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ეტყოდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყჳს რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ამბავითა჻
833. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახუარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყჳს აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა჻ ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა჻
834. თუ უმისოდ სოფელს ყოფა: რადგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავიწყდი რად მივსცილდი: რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა: რად შემართა ვით გაჰპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან: ჩემი რამცა გამიკვირდა჻
835. კვლავ ქალი ეტყვის მართლა ხარ: მაგისა დამძიმებასა჻ მაგრა რა გაბრჭო მართალი: ნუ მეჭვ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის და: პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის: მართ დღეთა შემოკლებასა჻