ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

581. “რომე დავჰყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეჴოცა, და ვთქვია თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ჰყოცა”.

582. “ზღვა-ზღვა ცურვა მამეწყინა, მით გამოველ ზღვისა პირსა, გული სრულად გამიშმაგდა, არ უსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა. და კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

583. “ერთი ღა ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვსცნა ამბავი ვერცა დრამისა წონანი, და ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვის-პირსა

584. “ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი, ჰგვანდეს ქალაქს, ვიახლენით, ცალ-კერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; და მუნ გარდავჴე მოსვენებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი.

585. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიდაღვიდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, და ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

586. “ზახილი მესმა. შევხედე, – მოყმე ამაყად ყიოდა, შემოარბევდა ზღვის პირ პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ჴრმლისა ნატეხი დასურილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, და მტერთა ექადდა, სწყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

587. “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; და შევსთვალე: “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი”

588. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლავ შევჯე, ჩავეგებე, მე ჩაუსწარ, ჩაველ წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა! “, და შემომხედა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

589. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგაჴსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ, და უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ვერ გარდვითხენ”.

590. მე ვუთხარ: “დადეგ, დასწყნარდი, გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კუეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა ძეთასა. და მე გავეკუირვე მის ყმისა სიტურფე სინაზეთასა.

591. “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოართუნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერმე ვჰკითხე: ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?" და საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

592. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამგზავსო? ანუ აგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შეგქნა მოყუითანედ, ვარდ გიშერი რომე რგავსო? და ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

593. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, – მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე სამზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამჴდომელი, და ცოტაა მაგრა ყოველგნით სიკეთე მოუთხრობელი.

594. “მამის ძმა და მამა ჩემი პაპამან ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, – ჩემად წილად მას იტყოდეს, – თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; და მათკენ დაჰრჩა სანადირო; – არ მივსცემდი, მამერჩოდეს.

595. “დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე; სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! “ და ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

596. “ნავითა გაველ, ზღვისაგან შტო რამე გარდმოდიოდა, არ მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვია, ჩემთა რად დავრიდო, და! დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, და ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჩემი არ გავიდოდა.

597. “მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ჴმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა, თვით ბიძასძენი ჩემიცა შესხდეს მათითა თავითა, და ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

598. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მამეგება მეომარი ვითა ღელვა, და სწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

599. “კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს, იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს, არ მამწუროდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, და ჴრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.