ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

582. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მამეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯაჴე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი შევეც, დაუქცივე, დაიზახნეს დიაცურ “ვა!”

583. კულავ სხუასა მიველ, მოვკიდე ჴელი ნავისა ბაგესა, ზღუასა დავანთქენ, დავჴოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხუანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭურეტდის, უკუირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

584. ზღუა გავიარეთ, გავედით, შემოგუიტიეს ცხენია, კულავ შევიბენით, შეიქნა ომისა სიმარცხენია. მუნ მამეწონა ფრიდონის სიქუელე-სიმკიცხენია: იბრძუის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

585. თუით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ჴმრლითა ჩამოყარნა, ჴელნი წმიდად დაეკუეთეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიტანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი სპანი ამაყარნა.

586. მათნი ლაშქარნი გაგუექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით. ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქუითა დავლეწეთ წუივები, ჩუენ იგი გავაანტენით. მამკალ , ლარი დავლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

587. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედი მისნი დასხნა. თუით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცულად სისხლნი მათნი მოღუარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქუეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

588. მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყუელანი ქებასა შეგუასხმიდიან, გუითხრობდეს: “მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

589. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიჴმობდეს მეფეთ მეფობით, თუით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ სცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან - დარეჯანის დაკარგუის მბობა.

590. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღუასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკუირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

591. მე ვკითხევდი, ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა: დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; ზღუათა შიგან იხუსა გუანდა, ჴმელთ ზედან შავარდენსა - აქა ვდეგ და თუალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

592. ზოგჯერ ზღუისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღუასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკუირვე გონებასა ამად ორსა.

593. ვთქუი: რა არის, რას ვამგზავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, არ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თუალი ამად დავაცეცი, მთუარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშუიდე მასცა ვეცი.

594. ამოძურნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა კრთებოდა, ფერნიმცა გუანდეს რისანი! მან გაანათლა სამყარო გაცუდდეს შუქნი მზისანი!

595. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თოვლსა ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქუი, წავიდე მათკენ მე, წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხუეწა!

596. ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ჴმასა და ხრიალსა, ვეღარ მიუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღუის პირსა მიველ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლოდეს, ამისთუის დავეწუი ალსა”.

597. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწუთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. უთხარ: “მამკალ, უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე!”

598. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოა”.

599. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვაჴსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთუარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

600. ფრიდონს უთხარ ყუელაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცდომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.