ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

561. “ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, და მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

562. “გამოჩნდეს ორნი ქუეითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვსცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ ჩამომდინარე, და აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.

563. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით უჴმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა?” მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; და მითხრა: “ღმერთმან სიმგრგულე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”

564. “ახლოს მიველ, კვლაცა ვჰკითხე: “რას შიგან ვართ, თქვია მართალი!” კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, და მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

565. “მერმე მითხრა: “მოგაჴსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა ეგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიწყალე, შემიბრალე, და დამჴსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”

566. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარადა, შენ დაგიზახნა: “მიჴმეთო”, ჴმა მაღლა გაჴმამყივარადა; და მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

567. “ჰკადრეს: “აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”. მეფე ბრძანებს: “ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, და რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დასთმიან.

568. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? და თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ესა”.

569. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და, თუ ფიცის, არ გასტეხის, მასვე წამსა დაამტკიცი. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, და მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

570. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”. მან აგრე თქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! და ვისგან მოვკვდე, ვისთვის წავჴდე, მიიხვედროს იგი ვერმან”.

571. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხველ შენ ოდეს: შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსმენოდეს: და “ბოზო, შენ ბოზო, რად მამკალ? ვეჭუ, შენცა არა გლხენოდეს!

572. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკულევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქნევინე? და აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!”

573. “ჴელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულ თქნა, ოდენ უშნა, და ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

574. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, და მაშიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქნა დარაჯებითა.

575. “ზღვათკენ გავლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირემ მამკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”. და დანა დაიცა, მოცაკუდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

576. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამჴსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა!” და საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

577. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვჰქენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია”. და სრულად გავქვავდი, შემექნა გული მართ ვითა სალია.

578. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. და აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”

579. “შეველ, ფიცხლა შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხანდაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, და ზღუის პირს მიველ, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

580. “ნავსა შევჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, და რომე სრულად მამიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.