... (H-302), 1803 წ.

683. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა შეშინებულსა, და სიკუდილისა მეჭველსა, კაცი ჯაბანი რათა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა, ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა-

684. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გაჰსწორდეს, სუსტი და ძალ გულოვანი, ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მჴცოანი, ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი-

685. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქუჱნად კადრებად ამისად, ჰსცდების და სცდების სიკუდილსა, ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთათვინ, ერთად დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახნე ცოცხალმან, თქვენმც სუფევთ მრავალ ჟამისად-

686. თუ საწუთრომან დამამჴოს, ყოველთა დამამჴობელმან, ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან, გთხოვ შემიწყალოს თქუენმავე, გულმან მოწყალე ლმობილმან-

687. მაქუს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები, მიღვწიან შევებრალები, დამლოცვენ მოვეგონები-

688. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად, ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად, თქვენგან კიდე არვინ მივის, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად-

689. ამას იქით ჩემგან ჩემი, ჰამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის, არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის-

690. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქუს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინის ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა, ნუ დაადინებ თუალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა-

691. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა, აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა, ნუ ჰსჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევითამცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა-

692. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა, უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა, მოეხვია და აკოცა, ცრემლითა სისხლთა ფერითა-

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი

693. ილოცავს იტყვის მაღალო, ღ~თო ჴმელთა და ცათაო, ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო-

694. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ ამოფხვრი სიყვარულსა, მისსა ჩემთვის დანათესსა-

695. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე, მტერთა ძლევა ზღუათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე, თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე-

696. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, გლახ მით ჟამნი დაიმწარნა, მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა, პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა-

697. აწ ამბავი სხუა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა, არ შეექმნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა, რა გათენდა ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ჰჴმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა-

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა

698. რა ვაზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა არა მაჴსონს, გუშინდელი შენგან თქმული, მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, ეგზომ რომე გაგათხოვე, შენ ვაზირი გულის გული-

699. აღარ მახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგჴადე, მართლად უთქუამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე, ესე გუარსა ნუ ოდეს იქ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქჳ და სიტყუა გააკვლადე-

700. კვლავ მოახსენა ვეზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი, შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კულავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი-