... (S-2781), XIX ს.

642. ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად კვლა ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრამ მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

643. ვსთქუი თუ ჩემგან აღარა ხამს სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

644. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

645. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭურეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა

646. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრამ დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი

647. ესე ქუაბნი უკაცურნი ვპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიდენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს

648. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასი ერთკერძთა მომიხდეს დავფრიწე დაიხეოდა

649. აჰა ძმაო მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკუდები ჴელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები

650. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყუარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი ვერ მამიკლავს ხრმალი ცუდად მომიმახავს

651. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები სხუას არას ვიაჯ ღმრთისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

652. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვადგარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუხლმოყრილი შეეხვეწა

653. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გითხარ მე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

654. ავთანდილ ჰკადრა მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის კუდები მაგითა მას არა არ ელხინების

655. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხუა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვისა სხუამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

656. რაცა გკადრო მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ხილვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

657. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემიჯერო ღმერთი იღმრთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო

658. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგიჯერო არასათვის არ გაგწირო კულავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის ეგრე არ გატირო

659. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყუარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგუარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუ მქარდი ღ~თნ ჰყოს და კულავცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

660. პირი შენი ნახუად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრას არ იირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რისხვით გამიკითხოს შენმან ჭურეტა სიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

661. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყუა ბრძენნი ცნობაშმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყუნეს შვენიერნი ამხანაგნი