... (S-2781), XIX ს.

546. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა დღე ჰგვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასულა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყო დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა

547. მე შინა წაველ მრავლობდეს სევდისა რაზმთა ურუანი მას ვიგონებდი რომლისა გულსა მიწყლვიდა სურუანი ასმათი მონა წიგნით მხუდა ზე აჩნდა ოფლში ცურვანი მალე მოდიო გიბრძანებს ვისი გავს სულებრ წყურუანი

548. ცხენისაგან არ გარდავხე წავე ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა ჰმილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი სამუდამოდ ვით გამართლო რაგვარადმცა გავვაქილდი

549. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქმს მის მეტსა მას განენათლა რომ არე წარვსდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე გიჩანს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე

550. მე მეწყინა აღარა ვსთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუ ვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა ვუნდი ქალი ომსა ვითარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკულა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

551. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავვლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო ვითა წვა ზარმცა თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ სასუძო თუცა ხმდა სისხლისა დენით

552. კარვის კალთა ჩახლათული ჩავსჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერხთა ჴელი მივყავ თავი სვეტსა შევუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს გლოვა მიხუდათ საარაკე ცხენსა შევჯე წამოცავე ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

553. ხმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

554. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომმართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა ცნიან სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა

555. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცუალე სიხარული სიმძიმილად

556. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდე შენიცა თავი არ მაახლებინე

557. მე შევუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიგმობ სიკუდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრამ თვით იცით ჴელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

558. იცი ინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია სამარლით ტახტი უჩემოდ არავის მინდომია

559. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გივის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასუა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხუა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხრმალია

560. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხუას მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანის დაკარგვისა

561. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუმცა თავი ვერ წავაგე

562. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ყუა ერთსა მონასა ვცანცა თუ მოღმა ვინ არე თმა გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

563. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყუანი გამოაგნა მითხრა ღმერთმან სიმგრგულე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

564. ახლოს მივე კვლაცა ვჰკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი კულავ საბრალოდ ამიტირდა კვლა მოედვა ამით ალი დიდხანს სიტყუა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი