... (Q-296), XVIII ს.

551. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყუელასა აქა მამართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

552. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

553. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდი შენიცა თავი არ მაახლებინე

554. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სიკუდილთა ალისა მაგრამ თვით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

555. იცი ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია– ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყუელაი თქვენ მოგხდომია ამოსწყდა მათი ყუელაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

556. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ჴრმალია

557. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცემ ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა აღმოვჰფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა მასმკალ ვისცა ვინატრიდე

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

558. ესე კაცი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე

559. გამოჩნდეს ორნი ქვეითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვსცან მცა თუ მოღმა ვინარე თავ გაგლეჯილი ასმათი პირ სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გავიცინარე

560. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე «რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა» მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყუანი გამოაგნა მითხრა «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩემთვის რისხვით წამოგრაგნა»

561. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე «რაშიგან ვარ თქვი მართალი» კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი დიდიხანი ვერა უთხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

562. მერმე მითხრა «მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალე»

563. მიამბო «ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიზახნა «მიხმეო» ჴმა მაღლა გაჴმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოეს მით მეფე გამომჩივარდა

564. «ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს «ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგნიან მას უყუარდა ქალი ჩემი სისხლი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანეთი არ შეხედვა ვერ დასთმიან

565. «აწ თავმან ჩემან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მედესა მე ღმრთისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი გმო მისად პატიჟად მზადესა»

566. «მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უმბძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

567. «დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან» მან აგრე თქვა «უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვჰკვდე მიიხვედროს იგი ვერმან»

568. «პატრონი ჩემი აგრევენ იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელი არა მსენოდეს «ბოზო შენ ბოზო რად მამკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს

569. «როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე»