... (Q-296), XVIII ს.

570. «ჴელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლულნი დაუშუშნა

571. «რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოჰქონდა ეუბნეს არ აჯებითა მაშიგან ჩასვეს იგი მზე გავს იქა დარაჯებითა

572. «ზღვითაკენ განვლეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა «მქნელი ამის ვინ არ დამქოლოს ვინ არდა ვირე მომკლევდეს მოვკუდები სიცოცხლე გასაწყინარდა» დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

573. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მართებს ამისა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშრომელსა

574. მე უთხარ «დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია– რამცა ვჰქენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია– აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდედა წყალია» სრულად გავჰქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

575. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ «ნუ მოკუდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა» აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

576. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მამავალი უნახავი არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღმერთსა თურმე ასრე ვძაგდი

577. რომე დავჰყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრამ მის მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყუელაკაი ამამიწყდა დამეხოცა ვჰთქვი თუ «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყოცა»

578. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

579. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვის პირსა

580. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით ცალ კერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდეს გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

581. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

582. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირ პირ მას თურე წყლული სტკიოდა ჴლმისა ნატეხი დასვრილი აქუს სისხლი ჩამოზდიოდა მტერთა ექადა სწყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

583. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ეს აწ მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

584. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყუა მოუსმინა ფიცხლავ შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩაველ წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

585. გამიცადა ღმერთსა ჰკადრა შენ ასეთი ხენი ვითენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყუანი რომე მკითხენ იგი მტერი გამილომდეს აქამდისი რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი გარ ვერ ვითხენ

586. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყევ წავედით უტკბოსნი მამა ძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

587. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

588. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამზგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შექმნას მოყვითანოდ ვარდ გიშერი რომე რგავსო ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო