ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

523. ვთქვია: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრევ ჭვრეტად. აწ დავჰკარგე; რად არ გიკუირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? და ვაი, სოფელო უხანაო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად?!

524. “შევხედე, ვნახე სასთვალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავდეგ ავიღე, ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავს, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, და რადგან არ მამკალ, პასუხი ერთი ღა გკადრო მე ბარე:

525. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია; თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია;” და მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიაო”, თავი დამიქნია.

526. “კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! და მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?

527. “მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; და თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა”.

528. “მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა! არ იცის თუ, ინდოეთი უპატრონოდ არ გამჴდარა?! ერთი მე ვარ მემამულე, სხვასა მართებს არვის არა! და ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

529. “ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რამ მოვიგვარო”; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, და ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

530. “სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. და მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

531. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! და მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

532. “მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული, ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ გავსებული; ახლოს დამისვა, დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული; და მეუბნებოდა, დამივსო ცეცეხლი ამითა გზებული.

533. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს, და შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაჰქარდეს!

534. “კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, და ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

535. “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა; რა შემოვიდნენ ინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა, უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი მეომარობა: და ასრე დავჰჴოცენ, შეეძლოს აღარა არ, საჴმარობა!”

536. “მიბრძანა, თუ: “ჴამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე, მოჰკალ მისთა სპათა აუწყუეტლად. და ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად.

537. “ასრე ქენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მოპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, და დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

538. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეჴსნები, გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

539. “ჩემი ყოლე ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოჴდომა; ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, და ჴელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგუფეროდეს ერდგან სხდომა”.

540. “ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, და მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

541. “ხანი დავჰყავ, გავეყარე, მაგრა გავჴე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვიათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, და მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა