.... (H-1759), XIX ს.

624. მეფეო ნუთუ წასვლამან, თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა მეფეო ესე თათბირი, მამკალ ვინ დამიწუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ, საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა

625. არ დავიწყება მოყურისა, აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ, მას ხელმწიფესა სვიანსა რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასვლა გვიანსა

626. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა შემდრკალსა შეშინებულსა, და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა

627. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ გულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკუდილი სახელოვანი

628. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად სცდების და სცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვინ, ერთგან დღისა და ღამისად თუ ვერა გნახნე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდეს ჟამისად

629. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოჰვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე, გულმან მოწყალე ლმობილმან

630. მაქუს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები მიღვწიან მამიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები

631. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

632. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

633. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშის ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

634. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევითამცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა

635. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი

636. ილოცავს იტყვის მაღალო, ღ~თო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო

637. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყუარულსა, მისსა ჩემთვის დანათესსა

638. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

639. რა ილოცა ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა

640. აწ ამბავი სხვა დავიწყოთ, ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა შუქი ადგა, გავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

641. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან ქნილი მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათხივე, შენ ვაზირი გულის გული