ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

485. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქნად ღა თაყვანის ცემისად; ჴელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისად ჩემისად, და ვჰკითხე, თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

486. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ სათნებია: დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, და აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემთვის უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

487. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა. ომ-გარდაჴდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

488. “ღმერთმან თუცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მამკლავ უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბაღჩას ბაღად უშენოსა, და შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

489. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; და რომე ძოღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

490. “იგი მე მამეც რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, ვეჭუ მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგულენოდეს, და ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

491. აქა მჴეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამჴრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიჴსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, და პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქუე მკვდართა დაედასების.

492. ასრე წვა, რომე არ გვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს ზდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, და კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა.

493. ავთანდილცა სულ თქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; და თქვა: “ცოცხალ ვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლნი ხურიტნა!”

494. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, და დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

495. ავთანდილს უთხრა: –“ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყურისა მის, შენგან შეუყრელისა. და მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

496. “ასმათის ნახვა მიამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მამართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიჴსენ რიდე თავისა, და იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა

497. “ მიუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე, სიალფანი; ხელმან შენი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი, და სულთა ნაცვლად სამსახური რამცა ვითა გიმუქფენი?

498. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამჴრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, და რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

499. “გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე; და სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

500. “ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ დგმულობა მამეწყინა, და ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა”.

501. დილასა ადრე სრას მიჴმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერდგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, და რა მიველ, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

502. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგუაბერნა, დაცაგულია; ჟამი გუახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გუაკლია, და ყმისა არ-სმა არა გუაგვა, ამად ზედა წაგვითვლია.