... (Q-296), XVIII ს.

473. მას მზესა ტანსა ემოსა ნარინჯის ფერი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტი ტყბანი

474. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა «ნუ ეჭუ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

475. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეუბნებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

476. შეიქნა სმა და პურობა მზგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყოველი ფიროზისა და ლალისა არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა

477. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყვის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირის პირ საყუარელისა ჭვრეტასა

478. დააგდეს მღერა მუტრიბთა «სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს «შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით ვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკუეხარიან

479. «აწ თუცა გმართებს შემოსა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

480. კვლაცა დაჯდა მხიარული მაიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

481. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოველ შემექნა ცნობა მართ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყუე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

482. მონა მოვა მიამბო ამბავი მე მართალია თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალია მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

483. მე ვისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქმნადღა თაყვანის ცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვი ხე მისად

484. მიამბენე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ მართალსა აწ ჩემგან არ სათნებია დღეს ერთმანეთი გვინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბისი მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

485. წიგნი მამართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

486. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მამკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბახჩას ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

487. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად რად იდენო ამას იქით ნუღარ იდენ გულსა ჭირნი არიდენო შენი მჭვრეტნი შენთა მჭვრეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

488. იგი მე მამცენ რიდენი რომელი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გეამოს შენეულათა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

489. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი იათასების თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკუდართა დაედასების

490. ასრე წვა რომე არ გვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კვლავ წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

491. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვანი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სრულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა