... (A-656), XIX ს.

566. ერთი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა ზღვის პირსა

567. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მეამის კაცთა ნახვა მიდაღვიდეს გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

568. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

569. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოარბევდა ზღვის პირპირ მას თურე წყლული სტკიოდა ხმლისა ნატეხი დასვრილი აქვს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

570. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა აწ ესე მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

571. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლა შევჯე ჩავეგებე მე ჩავუსწარ ჩავე წინა უთხარ დადექ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

572. გამიცადა ღმერთსა კადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქანამდის რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი ასრე ვითხენ

573. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსნი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

574. ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერმე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

575. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ აგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შექმნა მოყვითანედ ვარდ გიშერი რომე რგავსო ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

576. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე საზღვარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთე მოუწდომელი

577. მამის ძმა და მამა ჩემი პაპამან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათვე დარჩა სანადირო არ მივსცემდი მომერჩოდეს

578. დღეს გამოვე ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე ქორის დევნა მომნდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მომიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

579. ნავითა გავე ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ მოვკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიძახდი ხმა ჩემი არ უდიდოდა

580. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრნეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა

581. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა

582. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ხრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

583. დამეჯარნეს ვეღარა ვქმენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოვუვე ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს დამრჩეს მუნვე ვინცა მდევდის ვერ შემომხვდის მივუბრუნდი მივაბრუნვე

584. აწ იგი იქმნას რაცაღა ენებოს ღვთისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა