... (A-656), XIX ს.

507. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაყო სხვა ჩემებრი ვერა პოვო ცათამდისცა ხელი აყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქნა აყო

508. თქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრევ ჭვრეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალ ვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

509. შევხედენ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მომკალ პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე

510. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

511. კვლავცა ვჰკადრე მე თუ მზეო შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

512. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექმნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულმაგრობა

513. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე სხვასა მართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

514. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედვა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო

515. სულთ ვიყიდდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა

516. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქმნასა ღმრთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ ვისხდეთ ხელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

517. მე ღმრთისაებრად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირ გავსებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცეხლი ამითა გზებული

518. მიბრძანა თუ გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაქარდეს

519. კვლავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთოს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგრე ამბად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

520. მე ვჰკადრე ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გვარობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარას არ სახმარობა

521. მიბრძანა თუ ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად

522. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მოპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო

523. იგი რა მოკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

524. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული ნუცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქმნას მეფემან ხელმოტეხით შემოხვეწა შემოკვდომა ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა შეგვფერობდეს ერთგან სხდომა

525. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვევე წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

526. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასი ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი