... (A-656), XIX ს.

450. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

451. რამაზ მითხრა აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გავუგზავნო საუბარი გამიგონე ხელთა მოგცემ ყველაკასა განაღამცა შენ გაქონე

452. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მომცნეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვითა დავაგვანენ

453. მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი ვუბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწვენ იცოდით დაგყარენ გაუგვალავად

454. საჭურჭლენი გარდავნახენ თავისთავის კიდისკიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

455. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკვირდის ღმრთისაგან თქვის სასწაულად არცა ლარულად გდებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა ვთქვი ცეცხლთა შენართაულად

456. იგი საძღვნოდ მისად დავსხენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩიე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთ ზედა

457. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხთლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ანბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად

458. რა ყველაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

459. ხატაველთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია ინდოეთს მივე მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ხელი გამიხსნა შემომკრა მან სახვეველი ლბილია

460. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდა მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

461. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოსჯარენით დღეს ხატაელი მიჩვენეთ ტყვენიცა შემომგვარენით

462. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მეამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით ვუჭვრეტდი მიჭვრეტდის სხვად არად მეუბნებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

463. შეიქმნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა

464. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა

465. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

466. აწ თუცა გვმართებს შემოსა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

467. კვლავცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული გვანდა ვერა

468. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდის მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა