... (A-656), XIX ს.

701. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

702. მას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა გვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავთმოთ რა ვქმნათ სევდასა მითხარ რა მოვუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან ჭირიცა შევიწყნაროთა

703. კვლავ იტყვის გულო რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი და ხვეწნა

704. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე

705. ვეზირმან სცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყვანისსცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

706. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლა ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან

707. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლ ახელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქვმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

708. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქმს და შენ გეთნების გაიგონენ ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

709. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულინი არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა უშურველისა

710. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მას თანავე დაება და რადგან დასწვავს მოახლეთა ღმერთსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა

711. ოდეს წამოველ შევფიცე ფიცითა საშინელითა კვლავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასვლისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა

712. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისრულ ვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა

713. რაცა გითხარ ჩემ მაგიერ როსტანს კადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრსა არ შეიპყრობს არ დავდგებს თუ შემიპყრობს მაქმნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა

714. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღმერთმან თქვენმანვე სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა და ალვისა ხემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

715. აწ მეფეო უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების გული მას აქვს უგულოსა აქა ხელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

716. წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქმნას რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დავებრუნდეს არ მოვბრუნდეს თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენი დაძაბუნდეს

717. კვლავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

718. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

719. თავმან მისმან მუნვე მომკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს