... (A-656), XIX ს.

527. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსვლა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

528. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ხამს ვითა დასა სრულია კაცნი გავგზავნნეთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

529. მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი

530. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაჰყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სხვანია სპანია შენ აქა ნახე კმარიან იქა ნახვისად ყმანია

531. მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა დღე გვანდა არს აღვსებისა შეიქმნა გასვლა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დასდასებისა

532. ცხენისაგან არ გარდავხე წავე ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები ვკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარადმცა გავაქილდი

533. შევედით ვნახეთ წარბშერჭმით ბალიშსა ზედა მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კვლავცა მოიმცთომარე

534. მე მეწყინა აღარა ვთქვი ფიცხლა გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა ვუნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევ აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოვე მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

535. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შევე იგი ყმა ვითა წვა ზარმაც თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ თუცა ხმდა სისხლთა დადენით

536. კარვის კარი ჩახლათული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შევუტაკე წინა მწოლთა დაიძახნეს გლოვა მიხვდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცავე ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

537. ხმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შევე მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

538. კაცნი გავგზავნენ ვაცნობე ყოველგან ლაშქარსა ყველასა აქა მომმართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა ცნიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

539. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

540. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

541. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

542. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია

543. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას ჩემი ხრმალია

544. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცემ ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვას მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანის დაკარგვისა

545. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე