ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

446. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეჴმლენით, და მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვჰკულენით.

447. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ მკრთალთა, ღამე თეულთა, და ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კუნესა, მართ ვითა სნეულთა.

448. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჴედით მოსვენებად. ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მიჩნდა არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, და ვერ იტყუიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

449. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, და ჩემგან ჴრმლითა განაკუეთი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.

450. “გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, და არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

451. რამაზს ვარქვი: “შემიგია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ჴელთა მამათვალე, და თუარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე!”.

452. რამაზ მითხრა: “აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მამეც, ზედა მაპატრონე, ციხოანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე, და ჴელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!”.

453. “მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ჴელთა მამცნეს სიმაგრენი, ომი ასრე შევანანე და საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვითა დავაგვანენ!

454. “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, უბრძანე: “იყუენით თქვენ უკრძალავად, და მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ დაუგვალავად”.

455. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშურები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკუირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, და თუცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

456. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა უჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვიას სასწაულად; არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არ ორხოულად; და სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვია ცეცხლთა შენართაულად.

457. “იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა; მეფისათვის დავარჩიე, საარმაღოდ რაცა სჯობდა; ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ მაგრობდა, და დატვირთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

აქა წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა

458. წიგნი დავსწერე: “მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად; და მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად”.

459. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხუენ საჭურჭლენი, საჴელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, და მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ რე.

460. “ხატაეთისა ჴელ-მწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მიველ, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! და ჴელი გამიჴსნა, შემამკრა მან სახვეველი ლბილია.

461. დადგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა; და მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

462. “მას ღამეს ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უჴმენით, შემოსჯარენით! და დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყუენიცა შემომგვარენით!”

463. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, და ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე!

464. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიჴმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: და “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”