ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

550. ზედ მისდგომია ასმათი ტარიელს იქა მჯდომელსა, წიგნი, მოართვა იგ მისი, მზე ვერ უდარებს რომელსა; ხატაველთს წასლვა ებრძანა პირსა ელვათა მკრთომელსა, გულსა დაედვა იმედი მას ლომსა ვეფხვებრ მხლტომელსა.

551. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

552. [მასა შეხვდ] ების აჯიღა, ამბავიც მოაქვს ზ[არება], [მტერსა] შეგრთაო, ყმისათვის ამას რა შეედარება? ლაშქართა წვევნა უბრძანა, საომრად წაეყარება, აწ ნახეთ მისი სიქველე, ან ხელ- ფერხთა ხმარება!

553. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

554. ამა ამბისა მოსმენა ტარიელს მოალხინებდა, მას მიუვიდა ამბავი, რასაცა გულით ინებდა; თვალთა მტირალად ჩვეულსა ცრემლს აღარ დაადინებდა; ცნობა მიეცა, ჭკვას მიხვდა, ბაგესა გააღიმებდა.“

555. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

556. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა; გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

557. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

558. “ასმათს უთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად ამოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვჰტყუვი, თუღა ვერიდები”.

559. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

560. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა მისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

561. “ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

562. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

563. რა პურობა გარდვიხადე, დარბაზს მიველ მხიარული; მეფემ ტკბილად შემომცინა, დიდი აქვნდა სიყვარული; ნება ვჰსთხოვე ხატაეთზედ, რაზმით მეწყო სიარული, ჰბრძანა:,, შვილო, აგრე ჰსჯობსო, შეანანო საქმე მტრული.”

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

564. ,,კაცი იხმო გასაგზავნლად, ეუბნების, უბრძანებსა; უთხრა:,, იცნობ, ვინცა უწინ ჩვენთვის ხრმალნი მისცნეს ნებსა? რად შესცვლიან ჭკუა -ცნობა, ვარდის ნაცვლად ძეძვს რად ჰკრებსა? ჩვენი ბაჟი დაიკიდოს, მოიღებდეს ჩვენს წინ ზღვნებსა“.

565. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

566. “ჩვენნო ძმანნო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

567. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.