ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

683. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

684. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენად უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა; შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

685. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

686. “იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

687. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

688. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

689. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა”.

690. ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

691. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია; დიდხანს ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქმან, ცრელი მიწასა გარია; თქვა:,,ჩემგან მისი ხსენება, ვაჰმე, რა დიდი ზარია.“

692. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა უც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

693. მოეგონა საყვარელი, მისი მზე და მისი მთვარე. თქვა:,, ვიგონებ დაკარგულსა, სიცოცხლე მაქვს ვისთვის მწარე, სამხრე მისი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე: რომ მმართებდა სიხარული, ეგზომიცა ვით ვიხარე?“

694. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხოა, ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

695. ,, რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად, ერთგან შევჰკრენ, გაუგზავნენ, მზესა აკლდა ოდნად მისად. ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად, მისგან კიდევ მომეცალა საუბრადმცა სხვადღა რისად?“

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

696. მიუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

697. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვინსცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე!?

698. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

699. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევჰკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

700. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა, რა მიველ, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

701. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ- სმა არა გვაგვა, ამად ზედა წაგვიგია.