ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

646. “მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!

647. “მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, უბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწნა, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

648. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის- კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

649. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა; ვჰთქვი ცეცხლთა შენართაულად.

650. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა. ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა ცნობდა”.

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე, ოდეს გაიმარჯვა

651. წიგნი დავსწერე: “მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხტლეს, თუცა მათ ეცა ზიანად; ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან–ტყვიანად”.

652. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

653. ხატავეთს გამარჯვებული ხელჩამობმული ტარია, რამაზ მოჰგვარა მეფესა ხელხუნდი შენაკარია; მას საიმედო ფიცი აქვს, ხელობამ ვეღარ დარია, პირდაპირ მზესა დაუსმენ, ლხინი არა აქვს მწარია.“

654. “ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ჰინდოეთს მიველ, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

655. “ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

656. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

657. “რამაზ მეფე შეპყრობილი მას წინაშე მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე.

658. ეს საჯილდოოდ ეყოფის, აქ უზმენ ერთა ჭამასა; მოულოცვენ და აქებენ, თავსა აყრიან დრამასა; პირისპირ უზის სალხინოდ, მისთვის რა დღე სჯობს ამასა? ცეცხლი დავსია დამწველი, გული აღარა დანასა.

659. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: «შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

660. “მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

661. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

662. “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა; მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

663. “მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია, ებრძანა: «შენგან გაყრივარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წავიდეთ, თუცა დაშრომის ჟამია”.

664. “შევეკაზმე, დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!