ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

665. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: «ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

666. «აწ მითქვამს საქმე უშენო, შენცა ცან ესე მცნებული; რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

667. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.

668. “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მეანიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მათრლად არს, არ კატაბანი.

669. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

670. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

671. “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

672. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეგონებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

673. “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა; ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა, არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

674. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამია პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

675. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!” თავი ხარიან, მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, – მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

676. «აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,- ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

677. “მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანის- ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცნეს, ზომნი, ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

678. “კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა. გამოგზავნილი

აქა ასმათისაგან მორთმევა სამხრისა ნესტან-დარეჯანის

679. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

680. მონა მოვიდა, მიამბო ანბავი მე მართალიო: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალიო; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.

681. “მე მისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქნადღა თაყვანის-სცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

682. “მიანბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არა სთნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი