ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

587. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

588. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

589. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭვრეტად.

590. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივსცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

591. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა: გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

592. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა.

593. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

594. “აწ, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაღირე; ღმერთმან ქნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

595. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

596. მიბრძანეთ, მიხმეთ, გიახელ, ბაღსა ვრგო მარგალიტები. “ ტურფამან წარბი ახარა:,, ტარიელ, რას იჭვრიტები? წელს ვარდი ძვირად მოსრულა, შენგან არ მოვიწყვიტები. ,,თაფლისა ნაცვლად ნაღველმან გულსა შემიკრა ფიტები.“

597. ხატაელმან წიგნი მკადრა და პასუხი მართებს ვითა! ლაყბიანი საუკადრო დაწერილი ილათითა: ,,მეფეე შენი სადათ გვიცნობს, რად გარისხდა ჩვენთვის ვითა?“ კვლავ სოფელი ლხინთა ნაცვლად ბოლოდ მოჰკრეფს სიავითა.“

598. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს ა; მოწყალება იჩქითია, ღმერთსა ამად არ მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

599. “ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა”.

600. “დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

601. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა დასაჭირავად მათი და დიდი ომი

602. დილასა შევჯე, უბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

603. ,, მათ ლაშქართა სიმრავლითა მთა და ბარი ადუღდების; სავაზიროდ შეიჯარნეს, მოცინარედ ეუბნების: ,,ჩვენ ნუ ვიტყვით სიტყვას მკვახსა, შემოქმედსა ეწყინების, ბარი კლდედ და კლდე მინდორად მისის თქმითა შეიქმნების.“

604. “დავაგდე ზღვარი ჰინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდოთა, თქვენი თხანია”.

605. “მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; გვითხრეს: “გკადრებს, - ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ-საქნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მაურვებლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.