ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

472. “წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული- მოციქულსა, ჰინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

473. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემი მნახავნი: “მსგავსია ედემს ზრდილისა”. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

474. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

475. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

476. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა; თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

477. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი,მზისაგან შვენებით არ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

478. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

479. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, თვალისა, პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

480. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

481. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

482. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა.

483. რა მინდორს შვჯდი, ზარითა ხმა იყო ბუკთა ცემისა; თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა; ვინ მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.”

484. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

485. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

486. აქ გლოვა ტარიელისგან, სიკვდილი სარიდანისა, იგ სრულ შავითა შემოსა მის ლომ - ნაკვეთის ტანისა, იგ გლოვით გამოსასვლელად პატიჟი ფარსადანისა, აწ დაბადება ქალისა მთვარულებ მონავანისა.

487. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

488. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა აჰხდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქნა მისვე საურავისა”.

489. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტელთა; უკანით გამომიყვანეს ხასთა მას წინამდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ჰინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

490. თვალთა ჩემთა ცხელი ცრემლი აწინდლისა უფრო დიან; წყლისა ჭამა გარდვიხადე, სიმძიმილის მითხრობდიან; ასრე გავჰხე, ჩემი ჯარი:,, არ დარჩების”, - იტყოდიან; ზოგნი ტირან მამისათვის, ზოგნი ჩემთვის ტიროდიან.

491. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივ- მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანის- მცეს ამირბარად.