ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

531. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცნობისა ხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

532. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა. “მონააო ასმათისი”, შემოყვანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

533. “ასმათის წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატეევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

534. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ჰინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

535. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბვისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

536. “დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

537. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

538. ,,მეფემან გასცა მას დღესა მრავალნი საჭურჭლენია; ლაშქართა მისცა ურიცხვი ჯოგი, რემა და ცხენია; თავსა ვჰკრძალევდი სირცხვილად, ვიახელ შენარცხენია. ღმერთსამცა რად დაებადა მათებრნი ხელმწიფენია.“

539. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

540. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

541. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - უთხარ, - “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა-ქნათა აუგისა საკრძალველად.

542. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის- მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც ა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა? ვჰთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

543. “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ჰზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

544. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ვღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

545. “ადგა, მითხრა: “თქვენსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისად უთნევია, ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

546. ,, მიბრძანა, მითხრა ამბავი, იცოდა ჩემის ნებისა; ყურსა მიანბო ხაბარი ჩემისა გახარებისა; შეგყარნა, ბოლოდ ვისიცა შეხედვა გენატრებისა!– წიგნი მომართვა, გავჰკაზმე, ხმა უთხარ მიბრუნვებისა.“

547. ,, გამიკვირდა, შემეზარნეს, ესე რამან ათქმევინა; ვინ მპოვაო სადაურმან, სადით მიცნობს იგ მე ვინა! მის მგონესა ყოფა ჩემი ერთობ სრულად დამკარგვინა, ნუ ყოს ღმერთმან, მისად ნაცვლად მზეცა მომხვდეს, მინდა, მინა.“

წიგნი ნესტან-დარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი

548. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

549. ასმათ დგას ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად; თქვა: ძოღან შენი ამბავი მითხრიან, ვისცა ვკითხ ავად. გიბრძანებს, – მესმის, მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად. ლომსა მით მართებს ვაგლახი, თუ მისი თავი ითხა ვად.“