ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

433. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!”

434. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

435. ასმათ უთხრა: “ ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა არ ეგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების; ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე აეგების.

436. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუ უყოს ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭო[ბ] ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

437. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

438. “კაცმან ვით პოვოს, ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

439. “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა; პირველ - შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა - ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

440. მას დღესა ლომი ტარიელ შვებითა აივსებოდა; ხელითა ხელსა მოზიდვენ, ერთმანერთს ეუბნებოდა; მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტვერდებოდა; ჰგავს, თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს, მზე მათთვის გაივსებოდა.“

441. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა ანუ, თუ დაცა იდოს, ხამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიანბობ, რაღა გინდა წამეკიდოს”.

442. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირო, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

443. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

444. მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

445. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

446. “ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

447. “მამა - ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

448. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

449. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ჰინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

450. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ჰინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან”.

451. კმარის ღმრთისაგან ჩემზედა წყალობა აწ ამდენანი, შეგვეწყევ დიდი ხელმწიფე, დასცხრეს მოციქულთ დენანი; ავისა მქმნელსა რას არგებს აწყა აწ ან მანდ დენანი! მშვილდმან ისვენა, ჩაეგნეს ხრმალნი სისხლისა მდენანი.“