ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

606. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია”.

607. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან ერთობ მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით; არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

608. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

609. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

610. “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”

611. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა”.

612. “კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

613. “მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი”, თქვეს, “მართლად ინატრიდესა”.

614. ,, კვლაცა ეცნა მოციქულთა, მოსლვა წინა გაეგება; გარდაჰხდეს და თაყვანი-სცეს, სხვაგნით სხვათა ჰკადრეს ქება: ,,კაცმან ვითმცა ეშგიშალოს, რაცა გინდეს თქვენი ნება, რად გვიწყრებით შეუცოდრად, ეგე საქმე ვით ეგება?“

615. ,, გაგვეხრდეს ესე თქმანი, ვიხარეთ და ვინადირეთ, ქორითა და ავაზითა უცხო სულნი დავიჭირეთ; მხეცნი მოვსრენ მახვილითა, ჩვენნი მბრძოლნი ავატირეთ, ვლაღობდით და ვთამაშობდით, სწრაფად მოსლვა დავაპირეთ.

616. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

617. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.

618. ეს ვინმე კაცი აფრთხილობს ტარიელს ღალატისაგან: ეგ არ იქნების აროდეს ლომი შეშინდეს თხისაგან! მე კარგად გამაჩვენეო, გაგზავნილია მზისაგან, მოყმე, მხნე, ლაღი უებრო აქ არ შეირცხვე ვისაგან.

619. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

620. ,, შემიგნია იგი კაცი შენთვის კარგსა არ არჩევენ, მოციქულთა მოგზავნილთა საღალატოდ შეგიჩვევენ; ილათითა მიგიყვანენ, უკან სპათა მოგაწევენ, სასიკვდილოდ მონდომიხარ, აგრე ფიცხლად მით გაწვევენ.

621. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

622. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

623. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

624. ,, მას კაცსა კარგად ვეუბენ, არა ვჰქენ სიტყვა მცდარობა; სიგლითა მივეც მამული, არ მახლდა მიუმხვდარობა ინდოეთს ციხე მაგარი ყარყუმთა მთა და ბარობა დავწერე, ხელი ჩაურთე – ინდოეთს ამილბარობა.“

625. “არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია. მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.