... (S-2781), XIX ს.

449. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს მეტად გაუკვირდეს

450. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვალაღებინე სისხლთა მძებნეთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

451. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მომათვალე თუარა ესდენ შეცოდებით მოგკლავ რადღა შეგიწყალე

452. რამაზ მითხრა აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გავუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყველაკასა განაღამცა შენ გაქონე

453. მივეც ერთი დიდებული თანა ყმანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ჴელთა მომცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ

454. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქვეყანას მიგება იმედი იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგვწვენ იცოდით დაგყარენ გაუგვალავად

455. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთუალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახო სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

456. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა ვუჩვენი უკვირდის ღმრთისაგან სთქვის სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გუანდის ნაჭედსა ვსთქვი ცეცხლთა შენართაულად

457. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორაქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წ~ე ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა

458. წიგნი დავწერე მეფეო სვემცა არს თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხთლეს მაგრამ მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიანტყვიანად

459. რა ყველაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე ვერ კმა მეყო აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

460. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია ინდოეთს მივე მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიხსნა შემომკრა მან სახვეველი ლბილია

461. ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ქონდა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდა მიჭურეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

462. ღამითცა ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოჯარენით დღეს ხატაელი მიჩვენეთ ტყვენიცა შემომგვარენით

463. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე

464. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაელსა მას აქამდის შენამტერსა

465. მე ვკადრე ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა რამაზს უბრძანებს იცოდი გაგგზავნი შეწყალებულსა მაგრამ ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა

466. ხარაჯა დასდვეს [შეჰკვეთეს დრაჰკანი ]ასი ათასჯერ ასია კულავ ხატაური მრავალი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

467. ხატაელმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მეცა განა წავიდა და ყველაკაჲ მისი თანა წაიტანა