... (H-925), XVIII ს.

548. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხუივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საანბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

549. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამგზავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქნა მოყვითანოდ ვარდგიშერი რომე რგავსო ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

550. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღვარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთე მიუწდომელი

551. მამის ძმა და მამაჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადიროარ მივსცემდი მამერჩოდეს

552. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასულა მომდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთი ოდენ ბაზიერი მეტი არა დავიჭირე

553. ნავითა გავე ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამიძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

554. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე მხვდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

555. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

556. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მამწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ხმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

557. მამეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამჴვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

558. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

559. ამა ყმამან შემიკუეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი გაღანამცა შეგვიძრწუნდა

560. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიანბობ თუ ჟამი ჩუენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

561. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან კოცნიდეს ჴრმალსა და სალტეკოტასა

562. კვლავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის ი დარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათსა მეომარზედან

563. მოსჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაციცა ხამდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

564. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვკარ დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

565. კვლავ სხვასა მიველ მოვკიდე ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავხოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

566. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქნნეს ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე სიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია