... (H-925), XVIII ს.

529. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

530. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე ვის ესე დააშლევინე»

531. ხელი მიყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

532. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოქონდათ ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქნას დარაჯებითა

533. ზღვათაკენ გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მამკლევდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა» დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

534. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

535. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რავმცა ვქენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია» სრულად გავქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

536. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა» აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

537. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი

538. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა დამეხოცა ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა»

539. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტნენ დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

540. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვცან ანბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდა ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ანბავი ნურადინფრიდონ ხელმწიფისა ოდეს ტარიელ შეეყარა

541. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი გვანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

542. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

543. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ მას თურმე წყლული სტკიოდა ხმლისა ნატეხი დასურილი აქუს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

544. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

545. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

546. გამიცადა ღმერთსა კადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი ასრე ვითხენ

547. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილის კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა