... (H-925), XVIII ს.

431. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე

432. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა

433. მე ვჰკადრე ღ~თი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქუჱნცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანე იცოდი გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩემს წინა გაწბილებულსა

434. ხარაჯა დასდვეს შეკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

435. ხატაელმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღ~თნ შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა

436. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გაყრივარ მას აქათ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წავიდეთ თუცა დაშრომის ჟამია

437. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შვენებითა მგზავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

438. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია მან განანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

439. აწ მითქვამს საქმე უშენო შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩემგანვე სახელდებული ვინცაღა ნახავს აწ ნახავს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხუდით მოვალ შვებული

440. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშალეს ქნეს თამაშობისა ორისა

441. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომგარდახდილსა მშვენოდეს მეანიანნი კაბანი ფერმიჴდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

442. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

443. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დასდასად უბანუბანი სრულად ნათლითა აივსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწმარგალიტნი ტყუბანი

444. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით თუღა მტერი შემოგება

445. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდის სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარებოდა

446. შეიქმნა სმა და პურობა მსგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყოველი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშუება მთრვალისა

447. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედის შევხედი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირისპირ საყუარელისა ჭურეტასა

448. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკუეხარიან

449. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ სხვათა კაბათა არ აგჴდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

450. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული გვანდა ვერა