... (Q-296), XVIII ს.

434. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვი ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემანვე ჴრმალმა დაფითა

435. მივეახლენით შეგვატყუეს მათ ტანსა აბჯარ ცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგვქნია აწ ამად გულ ნაკლულობა

436. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნება არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი დარიგია მეც რა თქვენთვის დასაჴოცლად ჴელი ჴმალზე დამიგია

437. რა მივიდა მოციქული კვლავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექმნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შეჰქმნეს რაზმი მრავალ კეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

438. შუბი ვთხოვე ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვი რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

439. ახლოს მიველ შემომხედეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც მართ ორნივე ჯარიდგესა შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა

440. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვჰტყორცე ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანა ჯორი ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

441. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

442. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუ თუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

443. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამოსვლითა იარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მათთა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გაუზიარა

444. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა ვეუბენით მისნი სპანი ყუელანივე დავიპყრენით არ მოვჰკლენით

445. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

446. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ჴელსა ჴმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად

447. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

448. გავგზავნე ყოვლგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ავალაღებინე სისხლითა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

449. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოვიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მომითვალე თვარე შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავთვალე

450. რამაზ მითხრა აღარ არის ამისმეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მამეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა განაღამცა შენ გაქონე

451. მივეც ერთი დიდებული თანა ყმანი წავატანე ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანე ჴელთა მამცნეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანე საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანე

452. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწვნეს იცოდით დაგყარენ გაუგვალევად

453. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდდა უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდა ერდგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდა თუმცა ნახენ სახელისა ცნობასაცა ინატრიდა