... (H-66), 1832 წ.

547. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი: მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა: მიღმავე ვსცან თუ ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე

548. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

549. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხე: რაშიგან ვართ თქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

550. მერმე მითხრა მოგახსენებ: ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე: შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ: შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა: ღ~თსა შენსა მიავალე

551. მიანბო ოდეს სასიძო: მოჰკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა: მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა მიხმეთო: ხმა მაღლად გახმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს: მით მეფე გამომჩივარდა

552. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან

553. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ესა

554. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის

555. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქვა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე: მიიხვედროს იგი ვერ მან

556. პატრონი ჩემი აგრევენ: იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

557. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე

558. ჴელი მიჰყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა მან პასუხი ვერა გასცა: ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა

559. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოჰქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავსიქა დარაჯებითა

560. უბრძანა წადით დაჰკარგეთ: მუნ სადა ზღვისა ჭიპია რომ წმინდა წყალი ვერ ნახოს: მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ხმა მაღლად: იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და არ მოვკვდი: არა მგავს არცა სიპია

561. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი: მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქნელი ამისი: ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მომკლევდეს ჩემი ძმა: სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკვდა: დაეცა გასისხლმდინარდა

562. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა

563. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია჻ რამცა ვჰქმენ ნაცვლად თვით რომე: მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ კლდეთა და წყალია სრულად გავჰქვავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია

564. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები: არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა

565. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი: უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი

566. რომე დავჰყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყველაკანი: ამომიწყდა დამეხოცა ვსთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა