... (H-66), 1832 წ.

488. აწ ქალისა ჩვენისათვის: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ: საჴელმწიფო შევინახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

489. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩვენად იმედად: ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით: მაგას რა მოეგვარების

490. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული მიც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა: ჴელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია

491. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს: სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა

492. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრე: რადგან თვით იყვნეს მდომელნი მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი

493. გაგზავნეს კაცი ხვრაზმშას: წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი

494. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგუხუდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ჴელსამცა რასა ვხდიდითა

495. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად დავედრეს თუ ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

496. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა: მე ვჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა: ვინ ჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად

497. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი აჩნდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

498. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა წინათ რომე შემომცინის: აღრად ისრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მამიგო: ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა

499. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა

500. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო: რიდე მე მივეც რომელი მითვე მწვანითა მოსილი: მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი

501. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე: ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული

502. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენაჲ ცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უვიცისა

503. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნო: მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა

504. შენ არ იცი ხვარაზმშაჲ: საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ზენაარი: სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება

505. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი: ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი: წამალსა ყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესა: სახენიცა რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს

506. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების: აწ მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა

507. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთაგანცა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო: ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო