... (A-656), XIX ს.

430. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათ თანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

431. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქმნების [.........] ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკე გავგზავნენ კაცი გზა თუცა შორია შევსთვალე ფიცხლა წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

432. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მომკლავს ქვემცა სადა დავიმალე

433. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემიმც გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დავუსახე

434. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინმცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ხრმალნი ცუდად რას გვაბიან

435. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა

436. მივიახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა

437. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შეგვებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია

438. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექმნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

439. შუბი ვსთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწყდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვი რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

440. ახლოს მივე შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიხდეს მზესა შუბი გატყდა ხელი ჩავყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

441. შიგან ასრე გავერივე გლონის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცი ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი

442. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექმნიან ჩემი რიდი

443. საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინნა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

444. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი [..................] მთათა ეარა გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გააზეარა

445. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეხრმლენით მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით არ მოვკლენით

446. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

447. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა ხრმლითა დავეკოდე წყლულად მიჩნდა არნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად

448. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახნეს მეტად გაუკვირდეს

449. გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ავალაღებინე სისხლსა მძებნელსა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე