ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

406. “უბრძანა, თუ: “მოაჴსენე, ასმათ, დაჯდეს, ამილბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივსცე გულსა ლხინნი, საწუთროსა დამგმობარსა; და მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

407. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნევ, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა, და მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა.

408. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარია არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქუე-ქუე მითქვამს იდუმალ ვა; და ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა.

409. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. და გეცრუო, ღმერთმან მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

410. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქნას და გაგემარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხუდებოდეს შენი ვირე და გული მამეც გულისათვის, ჩემი შენთვის დაიჭირე!”

411. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არ მკუირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, და შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

412. ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა, და ღმერთი მამკლავს! ამას იქით თავსა ვეტყჳ, ამას ვსწვრთიცა”.

413. “დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, და მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

414. “მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ ბალახშ მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, და აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!

415. დილასა შევჯე, უბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, და უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

416. “დავაგდე მზღუარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: და “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია”.

417. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, “გითხრობს, გკადრებს: “ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, და მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

418. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; და შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

419. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ, ენით: არიან ერთობ მუხთალნი, — ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, — და არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

420. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნეს, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ მართლად იყუნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, და არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

421. “ მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქუიტკირები; და ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები.

422. “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქუელანი, თანა წამომყუეს, წაცავე, დავჰყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, და ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.

423. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, და რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა”.

424. “კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონაჴსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვაჴსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქნა მეცა თქვენი, და ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა-ძენი”.

425. “მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთვის მოზიდვიდესა: და თქვენსა ნახვასა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა”.