ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

387. “დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; და კარის მცველმან მონა უჴმო, უთხრა რამე დაფარული.

388. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესო გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვდა ჯაჭუთა მანა, და წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

389. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მამეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, და მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭკუნელი და დაუმჭკნარი.

390. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა, და მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

391. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამც რამე შინაურსა; ასმათ უჴმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; და “აწ წადიო, ვერას გითხრობს”; მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

392. “ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვია: “საწუთროო, ვის ძოღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” და გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტიარე!

393. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჴაშ, სიხარულის კარი აღი; და სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი.

394. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა-ზედა მავალსა; და თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭუ მე შენგან, არ, დანამალსა”.

395. “შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილი ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა; და ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

396. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია, სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცაღა ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, და ვინ არის თქვენი ჴელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელს წინაშე

397. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეჴმე, ვინ პატრონობს ბევრსა ერსა და ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა”.

398. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩვენკენ მონასხპანია, და ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

399. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, და ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

400. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: და “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

401. “შინა მოველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთა, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქეფდა. “ბედი ჩემი უბედური, ვთქვია, თუ ჯერთცა ვერ გამეფდა! და ჴელმან ვარდი რად იჴელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!”’’

402. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკუირვებულსა; ასმათის წიგნი მამართვა მე, მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: “გიჴმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, და მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

403. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, და სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

404. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, და საკუირველი და ღარიბი, უცხო პირათ და ტანითა.

405. “შეველ წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედან ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, და ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.