ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

370. “შეველ, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არა ღირსა; ვუთხარ: “მანდა რად ზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა ძვირსა.

371. “ადგა, მითხრა: “თქვენს მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭუ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია”’’.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა

372. წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. და აწ ასმათი მოგაჴსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

373. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია; ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი მოხარაჯენია, და აწ მათნი ჯავრი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

374. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მამჴდომია; ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, და მე აქა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია.

375. “მართლად გითხრობ, მამისმინე ესე, რაცა მოგაჴსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლადმცა რად დასტენე და მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!”.

აქა წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

376. “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალვოდა! გული მიდამო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალვოდა; და მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალვოდა”

377. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს, რაცა არ შენი ფერია! და სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

378. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰჴდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, და რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.

379. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; და დაცამვედრა: ამილბარსა ვუთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

380. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, და ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა.

381. “ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. და “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა”.

382. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. და მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზემი გაადიდეს.

აქა წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა

383. “გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა მღრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, და ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

384. ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით! თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. და სჯობს, რომე გუნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

385. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მამეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები, და აწ ხელ მქნა, რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები.

386. “პირველ გაჭრისა პირება,მერმე დასწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყუნიან ჩემს წინა ნადიმობანი, მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვია საწუთროსა გმობანი”