... (H-66), 1832 წ.

372. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული

373. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა ლხინმა ბნელი გამინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა

374. ბაღჩას შევვლე არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება: მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი: უფრჭკნელი და დაუმჭკნარი

375. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემამხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა

376. დიდხან ვდეგ და არა მითხრა: სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემამხედის: ვითამცარა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს: ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს: მე კვლავ მიმცა ალმან მურსა

377. ასმათ გამომყვა წამოველ: ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წოღან: გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი: ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე: კვლავ უფრო დაიტიარე

378. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის: ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახში: სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი

379. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა ზენარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არ ეჭვ: მე შენგან არ დანამალსა

380. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ჴელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ: მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა

381. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი: არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე: ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად჻

382. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე: ვინ პატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა

383. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი: მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია

384. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიმალე: აბჯართა ხვარაზმულობა

385. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა

386. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური: ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იხელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

387. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე: შენ მისთვის მოსურვებუსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა

388. ვითა მმართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოველ: მოგელის ლომსა მთვარეო

389. შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა საკვირველი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა

390. შევე წავდეგ ნოხთა პირსა: მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად