... (H-66), 1832 წ.

411. მითხრეს მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული: ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ: კარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე: ერთგან დაწვეს ვით მაყრები

412. კარგი საქმე კაცსა ზედა: აზომ თურმე არ წაჴდების ერთი კაცი უკმორესწყდა: მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი: ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება: ჩემგან თქვენი არ იქმნების

413. მე მამისა თქვენისაგან: ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო: საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად: ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ: გამიგონე დამიწყნარდი

414. რომე ცუდად არ მოღორდე: ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი: სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გიცს სამი ბევრი: ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი: ფათერაკსა შეგასწრობენ

415. მეფე ცოტათ მოგეგებვის: ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა: მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი: ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდეს ათასნი: ეგრეცა მოგერევიან

416. მას კაცსა ამოდ ვეუბენ: და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო: შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან: წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ: მეცა ვარ განაკიდია

417. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების: ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუმცა გზა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია

418. მე დილასა მოციქულთა: სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა ხვალე ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს: ქვემცა სადა დავიმალე

419. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა: ხრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე

420. ვთქვი თუ ძმანო იგი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი: ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის: სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შეებით ხატაველთა: ხრმალნი ცუდად რას გვაბიან჻

421. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა: ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად: ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ხრმალმან დაფითა

422. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა: მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა

423. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით: არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად: ჴელი ჴრმალსა დამიგია

424. რა მივიდა მოციქული: კვლავმცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის: სამალავით გამოვიდნეს სამალავით გამოვიდნეს : თავნი ორგნით აქარავნეს შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი: თუმცა ღ~თო ვერა მავნეს

425. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავყავ: მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად

426. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ: ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

427. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე: წინა კერძი რაზმი ორი

428. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვკარ რასაცა ვერ დამიდგნის: სისხლსა მჩქეფრსა ამოვღურიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი: მანდიკურად გარდავკიდი სითაც ვიყვი გამექციან: მათ შექნიან ჩემი რიდი

429. საღამო ჟამ დაიზახა: ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო: კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან

430. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს: ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი: და არე მთათა ეარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ხმა გაიზიარა